პეტერ სიიარტო: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოს

„უნგრეთს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით, ქვეყანა მზად არაა ამ საკითხის მხარდასაჭერად, მიუხედავად რთული მოლაპარაკებებისა და დათმობებისა, რაც ბოლო დღეებში შესთავაზეს“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, იუწყება European Pravda HVG.hu-ზე დაყრდნობით.

„უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკომისიის ინიციატივას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რადგან ეს პრობლემას უქმნის უნგრეთს და არ შეიცავს წინადადებას ამ პრობლემის გადასაჭრელად“, - განაცხადა სიიარტომ.


ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ  Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.


Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა.


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ასევე წაიკითხეთ