ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა

უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს უკრაინის მიმართ -  ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. ეს არ შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენკენ, უკრაინის მიმართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.