„აზოვსტალიდან“ მარიუპოლისკენ 10 ავტობუსები დაიძრა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. ამის შესახებ Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის ოფიციალურ მხარეს, „აზოვსტალის“ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.
Reuters-ის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე 600-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსგან თანხმობა არ არის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 16 მაისს განაცხადა.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე