უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ჩართვა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინის წინააღმდეგ ომში „კადიროველების“ ყოფნა რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება.

„უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას, რუსეთმა უამრავი დამხმარე პერსონალი გამოიყენა. ეს მოიცავს ჩეჩნური ძალების განლაგებას, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებიან, ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან მარიუპოლისა და ლუჰანსკის რაიონებში“, - იუწყება ბრიტანეთის დაზვერვა.

ამასთან, არსებობს ცნობები, რომ მარიუპოლში ჩეჩენთა საველე მეთაურის როლი ადამ დელიმხანოვმა იკისრა. წყაროები წერენ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი დელიმხანოვი კადიროვის ნათესავია.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.