შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ რუს კოლეგა ვალერი გერასიმოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ეს ორი ლიდერის პირველი საუბარია მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
„სამხედრო ლიდერებმა განიხილეს რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები ღია იქნება”, - ნათქვამია პენტაგონის ინფორმაციაში.
ექვსი დღის წინ: ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.