„ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, რაც მფლობელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროებს აქტიურად მუშაობა დაავალა, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.

"ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი". - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა.  

19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 


2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss.

უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.