ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქში ვითარება კვლავ დაძაბულია, რუსეთმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლა

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია, რუსეთმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

„ცალსახად იმის თქმა, სად არის უფრო რთული სიტუაცია, შეუძლებელია, რადგან ოლქის მთელი ტერიტორიის დაბომბვა ხდება. სრულიად მთელი ტერიტორიის, გამონაკლისის გარეშე“, - აღნიშნა გაიდაიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს