უმაღლესმა რადამ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებებით, ხელახლა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოებს („Z“ „V“) კრძალავს. ამის შესახებ დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა.
პრეზიდენტის წინადადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის სიმბოლოები შეიძლება ლეგალურად განთავსდეს მუზეუმების ექსპოზიციებზე, თემატურ გამოფენებზე, ბიბლიოთეკის კოლექციებში, სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო საქმიანობის პროცესში.
თუმცა, ახალი კანონპროექტი კრძალავს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც იყენებენ რუსეთის ომის სიმბოლოებს და რომელთა საქმიანობა მიზნად ისახავს ომის პროპაგანდის გავრცელებას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას. ასევე, პრეზიდენტის წინადადებით, ამ სიმბოლოების გამოყენება უნდა აიკრძალოს არამხოლოდ პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც.
„Z“ და „V“, რომლებიც არ არსებობს რუსულ ანბანში, ფართოდ გამოიყენებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის სიმბოლოდ. ისინი გამოიყენება ბრძოლის ველზე რუსული სამხედრო მანქანების აღმნიშვნელ სიმბოლოდ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.