ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, მათ შორის, ყველა პლატფორმაზე, გამოვხატეთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგა უამრავი ნაბიჯი, მათ შორის, ყველა პლატფორმაზე, გამოვხატეთ პოლიტიკური მხარდაჭერ. შეგახსენებთ, რაში გამოიხატებოდა ეს მხარდაჭერა - გაეროში ვიყავით რეზოლუციის თანასპონსორი, რაც მაგალითად მოლდოვამ ვერ გარისკა თავის დროზე; ჰააგაში მხარი დავიჭირეთ სარჩელის შეტანას სისხლის სამართლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ; ეუთოში მხარი დავუჭირეთ შესაბამის საკმაოდ მკაცრ რეზოლუციას; ევროსაბჭოში მხარი დავუჭირეთ რუსეთისთვის სტატუსის შეჩერებას. ეს იყო პოლიტიკური ქმედითო ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უპრეცედენტო იყო საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.