"ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს", - ამის შესახებ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა.
"მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ სამშვიდობო შეთანხმება უნდა შექმნას. ევროპამ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე დასათანხმებლად უნდა დაიყოლიოს. იარაღის გაგზავნა ნიშნავს თანამონაწილეობას, ჩვენც ომში ვართ ჩართული. ვცადოთ ომის მალე დასრულება. თუ უკრაინაში იარაღს ვგზავნით, უკეთესი იქნება ასეთ რეკლამირებას თუ არ გავუკეთებთ", – თქვა ბერლუსკონიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის თავდაცვის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 29 000 ჯარისკაცია
- გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა