უკრაინის თავდაცვის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 29 000 ჯარისკაცია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 200 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.

მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე მოიცავს 1293 ტანკს, 3166 ჯავშანმანქანას, 604 საარტილერიო სისტემას, 201 სარაკეტო სისტემას, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 204 თვითმფრინავს, 170 ვერტმფრენს, 476 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატს, 110 ფრთოსან რაკეტას, 13 ერთეულ გემს/კატერს, 2206 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 43 სპეცტექნიკას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. კიევი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს. რუსეთი მარტის ბოლოს აცხადებდა, რომ მოკლული იყო 14 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.