უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 433-ზე მეტი ბავშვია დაშავებული.

"ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 146-ს შეადგენს. კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში -103, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 49, ლუგანსკის ოლქში -50, მიკოლაევის ოლქში -45, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა