რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„სწორედ ამიტომ, რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ უპირატესობა მოიპოვოს და საკუთარი მომავალი კვლავაც თავად განსაზღვროს.
პირველად ისტორიაში ევროკავშირი აწვდის შეიარაღებას ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან. ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ეკონომიკური ძალის სრულ მობილიზაციას. ჩვენი და ცალკეული კომპანიების სანქციები გამოფიტავენ რუსეთის ეკონომიკას და შესაბამისად, ფიტავენ კრემლის ომის მანქანას", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა
- გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა