ზელენსკი: დონბასში ვითარება უკიდურესად მძიმეა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში განვითარებულ სიტუაციას უკიდურესად რთული უწოდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის რეგულარული მიწოდება საუკეთესო სტრატეგიაა გლობალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

„უკრაინისთვის მძიმე იარაღის - MLRS, ტანკების, ხომალდსაწინააღმდეგო და სხვა იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მრავალი მძიმე კრიზისის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსები აცხადებენ, რომ რუსეთის ომი აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა ყველაზე აქტიურ ფაზაშია.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.