ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, 20-მდე ქვეყანა მზადაა, უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ოსტინმა ეს განცხადება ცოტახნის წინ გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების პაკეტის დეტალები იყო განხილული.
„ყველას ესმის რა არის სასწორზე,“- თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.
არსებული ინფორმაციით უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდიან, იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთი. პენტაგონის ინფორმაციით, დანია უკრაინას მიაწვდის სპეციალურ ტექნიკას, რომლითაც უკრაინა შეძლებს სანაპირო ზოლი დაიცვას და ზღვიდან იერიშები მოიგერიოს.
გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრაში 47 ქვეყანა მონაწილეობდა.
ოსტინმა განაცხადა, რომ 15 ივნისს, ბრიუსელში, საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრას პირადად უხელმძღვანელებს. "რა თქმა უნდა, ეს არ იქნება NATO-ს ღონისძიება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ამ შეხვედრების ტემპი და მჯერა ჩვენი იმპულსი გაძლიერდება“, - განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.