ქალაქ მარიუპოლში, შენობის ნანგრევების გატანისას, კუინჯის ქუჩაზე, ყოფილი "ოქტომბრის" ქარხნის ტერიტორიაზე, კიდევ 70 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ Telegram-ზე მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშენკო ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება.
- უკრაინელების 82% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია - გამოკითხვა
- უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია
„მიზეზი იგივეა. დაბომბვის შემდეგ ხალხი ნანგრევებში ჩაკეტეს. ოკუპანტებმა ცხედრები პოლიეთილენის ტომრებში ჩააწყვეს და სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ სასაფლაოზე დასაკრძალად წაიღეს. ოკუპანტებს ცხედრების იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ". - ამბობს ანდრიუშენკო.
მანამდე, ოკუპანტებმა მარიუპოლში, შენობის ნანგრევებში კიდევ 200 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.