უკრაინელების 82% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია - გამოკითხვა

უკრაინელების დაახლოებით 82% თვლის, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიები არ უნდა დათმოს. ამის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგებში ვკითხულობთ.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს, თუნდაც ამან გაახანგრძლივოს ომი და გაზარდოს უკრაინის დამოუკიდებლობის წინაშე არსებული საფრთხეები.

გამოკითხული 2000 ადამიანიდან მხოლოდ 10%-მა მიიჩნია, რომ უკრაინისთვის მისაღებია ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად, ხოლო 8% გადაუწყვეტელია ჯგუფია. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% ეწინააღმდეგებოდა მიწის ნებისმიერ დათმობას. უკრაინის მთავრობა მუდმივად აცხადებს, რომ მოსკოვს ტერიტორიებს არ დაუთმობს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.