ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულებებს შეასრულებს და მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს. ასევე, მხარეებმა უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის საკითხზე ისაუბრეს.
ავსტრიის ლიდერის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინს სურს, ჰქონდეს მყარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც მოლაპარაკებების დროს გამოიყენებს. პუტინმა ხორბლის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების შეფერხებაში რუსეთის დადანაშაულებას უსაფუძვლო უწოდა და "ანტიდასავლური სანქციები" ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა.
უკრაინამ და რუსეთმა ამ დრომდე ტყვეები 6-ჯერ გაცვალეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.