დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს "ბორჯომის აქციების" ნაწილს, რის შემდეგაც კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იქნება.

მის თქმით, პროცესის იურიდიული ნაწილი დასრულებული არაა და სახელმწიფოს მიერ „ბორჯომის“ აქციების ნაწილის ფლობა დროებით ვერ მოხერხდება.

„სანქციებისთვის გვერდის ავლაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივაწოდეთ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს ბორჯომის აქციების ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს, თუმცა აქ ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსია. თითოეულ მათგანს იმ მარეგულირებლებთან, გავდიოდით, რომლებმაც სანქციები შემოიღეს. ეს ეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს, ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. უახლოეს ხანებში მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა კონკრეტული არის ის, რომ საკუთრებაში ავიღებთ და ეს არ იქნება დროებითი, "ბორჯომის" აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან, იმისთვის რომ კონტროლის კუთხით კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.  

19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 


2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss.

უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.