ჯო ბაიდენი: პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა

პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.

„ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, - აღნიშნა ბაიდენმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია - მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ გავანადგურეთ