მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა

გერმანიამ ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინისთვის მსუბუქი იარაღის მიწოდება შეამცირა, იუწყება Welt am Sonntag წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით.

30 მარტიდან 26 მაისამდე გერმანიამ უკრაინას მხოლოდ ორი იარაღი მიაწოდა. აპრილში - ტყვიამფრქვევის სათადარიგო ნაწილები, ხელყუმბარები, ნაღმები და სხვა. მაისში კი - 4 600 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. Strela-ს საზენიტო სისტემების და Panzerfaust 3 ყუმბარმტყორცნების ბოლოს უკრაინას მარტის ბოლოს მიეწოდა, თუმცა აპრილსა და მაისში უკრაინამ ეს და სხვა იარაღი, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც ითხოვა.

28 მაისს, უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა განაცხადა, რომ „მძიმე იარაღი ძალიან მალე იქნება“, წერს უკრაინული გამოცემა NV. ელჩის თქმით, საუბარია ჰაუბიცებზე, საზენიტო თვითმავალ „გეპარდზე“ და საზენიტო იარაღზე.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული.

The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა.


როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა.

ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ  Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა.

„გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. 


რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდაკიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება.

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.

უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯაომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა.