უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა

  • „კონფლიქტების ობსერვატორია“ - უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე რუსეთის პასუხისგების მიზნით, აშშ სპეციალურ პროგრამას იწყებს

უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვებისა და გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა გამოაცხადა.

$6 მილიონიანი პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის დროს რუსული ძალების ქმედებების დოკუმენტირებას, გადამოწმებას და ღია წყაროს შესაბამისი მტკიცებულებების გავრცელებას. ანგარიშები და ანალიზი ხელმისაწვდომი იქნება კონფლიქტების ობსერვატორიის ვებგვერდზე.

„ეს ახალი პროგრამა აშშ-ის მთავრობის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც უზრუნველოფს რუსეთის შემდგომ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ საზარელ ქმედებებზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.