CNN: დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს

  • დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს.

რუსეთი, აწარმოებს ომს უკრაინაში, აქეზებს გენოციდს და ახორციელებს ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის განადგურებას, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის New Lines Institute for Strategy and Policy-სა და კანადის რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივ ანგარიშში. შესაბამისი პუბლიკაცია CNN-მა დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

ანგარიშის შედგენაში, გენოციდის საკითხებში 30 წამყვანი იურისტი და ექსპერტი მონაწილეობდა. მათ დაასკვნეს, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს კონვენციის რამდენიმე მუხლი. დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი დანაშაულები, გამყარებულია მტკიცებულებებით - მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, ძალადობა, დეპორტაცია და ანტიუკრაინული რიტორიკა.

ერთ-ერთ დადასტურებულ მტკიცებულებად მოყვანილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ უკრაინას სახელმწიფოდ არსებობის უფლება არ აქვს.

ანგარიშის ავტორები პირდაპირ ადარებენ უკრაინაში არსებულ ვითარებას სრებრენიცაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას და მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს გავლენა მოახდინონ რუსეთზე, სანამ ძალიან გვიან არ არის. ეს არის პირველი დამოუკიდებელი ანგარიში უკრაინაში გენოციდის შესახებ ომის დაწყების შემდეგ.


რუსეთის ქმედებები უკრაინაში ესტონეთის, ლატვიისა და კანადის პარლამენტებმა ოფიციალურად გენოციდად აღიარეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვითარება იგივე სიტყვით შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს იურიდიული კვალიფიკაცია შესაბამისმა ექსპერტებმა უნდა მისცენ.


მანამდე, სტრატეგიისა და პოლიტიკის New Lines Institute for Strategy and Policy-მა და რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა ცენტრმა გენოციდის შესახებ, ჩინეთის სინძიანის პროვინციასა და მიანმარში მოხსენებები მოამზადეს. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

უსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.