ექსკლუზივი
24 თებერვლიდან 28 მაისამდე - სამი თვე უკრაინის ომიდან - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიმოიხილავს არსებულ სურათს
უკრაინაში რუსეთის ომიდან სამი თვის შემდეგ:
- ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცი გასამართლდა
- მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია
- NATO-ში გაწევრიანებას ფინეთი და შვედეთი ცდილობენ
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.
უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა.
24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან განიხილავს. ამერიკელი დიპლომატი საუბრობს, თუ რა აჩვენა მსოფლიოს ამ ომმა.
„ამ ომმა გვაჩვენა, რამდენად სუსტი და კორუმპირებულია რუსული ჯარი. ასევე, რამდენად არაკომეტენტურები არიან სამხედრო მეთაურები, რამდენად კორუმპირებულია მთელი სისტემა. რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ასევე ვნახეთ, რომ მთელი უკრაინა, მთელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჯარისკაცები საოცრად მებრძოლები არიან. როდესაც იბრძვი, შენარჩუნო შენი ქვეყნის არსებობა, ასეთი საოცარი სიმამაცით შეგიძლია, დაამარცხო მსოფლიოს უდიდესი არმიაც. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები კრეატიულები აღმოჩდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელმა ხალხმა იმაზე მეტი სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, ვიდრე ამას თავად უკრაინელები ელოდნენ“, - აღნიშნავს ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
პოლიტიკური კონტექსტის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი, რუსეთის მიმართ უცხოელი აქტორების დამოკიდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს.
„კიდევ ერთი ცვლილება, რაც დავინახეთ, ისაა, რომ გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღარ იქნება ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ეს აქამდე იყო. თქვენ ვერ ნახავთ რუს ბანკირებს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დასრულდა. ისინი იზოლაციაში არიან. ეს უდიდესი ცვლილებაა“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.
მეთიუ ბრაიზა, რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობის გადახედვასაც პროგნოზირებს.
„კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ვხედავთ, ისაა, რომ ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთთან თავის პარტნიორობას გადახედავს. ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ არ სურს ისეთი მოწინააღმდეგე ტაივანში, როგორიც რუსეთს ჰყავს უკრაინაში. ჩინეთი ხედავს, რა შედეგები მოაქვს შეჭრას და ვფიქრობ, ჩინეთს არ სურს, იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის მსგავსად, დასუსტების სამიზნე გახდეს.
ვწუხვარ, რომ უამრავი აქტორი, მათ შორის ევროპასა და შეერთებულ შტატებში ალბათ დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, რომ დანებდეს. ეს არასწორია, ეს უკრაინის გადასაწყვეტია. მორალური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, უკრიანის გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ომს, ბრძოლას. უკრაინის ხელისუფლება მკაფიოდ აცნობიერებს არსებულ სიტუაციას, აქედან გამომდინარე, მას სურს, რუსეთი გაძევებული იყოს უკრიანის ტერიტორიიდან, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
უკრაინის მაგალითზე, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს შიგნით სოლიდარობის და ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ბოლოს დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს. უკრაინაში ყველა გაერთიანდა, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ოპოზიციას თუ მთავრობას, ყველა ერთიანია. ამას ხედავენ ევროპაშიც. უკრაინა ევროპისთვის ფასეულია. რეალურად, მათი ინტეგრაციის პროცესი ახლა დაჩქარებულია და მალე, მას შეუძლია, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა.
საქართველოც ძვირფასია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, თუმცა რაც ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, საშინელებაა. ამდენად, საქართველოს აქვს უდიდესი შესაძლებლობა, შიდა პოლიტიკური ბატალიების მიღმა იმოქმედოს. ვგულისხმობ ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობას. დროა, საქართველომ ამ მხრივ, ვითარება გამოასწოროს. საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა, იაზრებს, რომ თქვენ, ისტორიის არასწორ მხარეს არ იქნებით. უკრაინას სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და ის იწყებს საქართველოდან მეტი მხარდაჭერის მიღებას. ეს კარგია. სოლიდარობა, ერთად დგომა, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური განსხვავებების გადალახვა, საქართველოსაც შეუძლია და ახლა ამის დროა.
როგორც აღვნიშნე, ამ ომმა ბევრი რამ გვაჩვენა, თუმცა პირველ რიგში - ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულუბრყვილობა რუსეთთან მიმართებით. თუ ადრე ვინმე ფიქრობდა რუსეთთან მნიშვნელოვან დიალოგზე, ახლა მის იზოლაციასა და დასუსტებაზეა საუბარი, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრიანაში და ასევე, საქართველოში - 2008 წელს. ჩვენ ასევე გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით რუსეთის შემოჭრის წინ საქართველოში, როდესაც ჩემს ხელმძღანელებს აშშ-ის მთავრობაში და კოლეგებს ევროპის მასშტაბით, რუსეთის პროვოცირებაში, საქართველოს და კონკრეტულად, სააკაშვილის დადანაშაულება სურდა. რაც საქართველოს და სააკაშვილს სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო.
ჩვენ, სააკაშვილს ვადანაშაულებთ რუსეთის შემოჭრაში საქართველოში და შემდეგ, უკრაინელებს მოვთხოვეთ 2014 წელს, დონბასსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს, უფრო მეტი სიმტკიცე ეჩვენებინათ... საბოლოო ჯამში, ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამრიგად, რთულად ვისწავლეთ ეს გაკვეთილი.
კარგად გამოჩნდა, რომ პუტინის მიმართ გულუბრყვილობას ვიჩენდით; რომ ვფიქრობდით, თითქოს, რუსეთთან ერთად უნდა გვემუშავა; საქართველოს ვადანაშაულებდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა. დასკვნის სახით რომ გითრათ, რუსეთთან არამხოლოდ თანამშრომლობის სურვილის, არამედ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დიალოგის ეპოქა დასრულდა“, - მიიჩნევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.