ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება

  • ევროპულმა საბჭომ სხდომის შემდეგ დასკვნითი განცახდება გამოაქვეყნა

ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა თავისი სამხედრო დანაყოფი და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეები, გამოწვეული ტანჯვა და ნგრევა აღუწერელია. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ სრულად დაცული იქნება ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის სამხედრო პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო მხარდაჭერას უცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მუშაობას სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად და მიესალმება ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელსაც „ევროჯასტი“ უწევს კოორდინაციას.

„რუსეთი, ბელორუსი და ყველა პასუხისმგებელი პირი თავისი ქმედებებისთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით პასუხს აგებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპული საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს, გააძლიეროს რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეაჩეროს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს.

„სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს აღკვეთილი“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

დასკვნით განცხადებაში ასევე საუბარია სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს და რომელიც დროებით არ ვრცელედება მილსადენით გადაზიდულ ნავთობზე. 

ევროპული საბჭო ასევე უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ აღნიშნავს და აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინას ახალი მაკროფინანსური დახმარების სახით 2022 წელს ცხრა მილიარდი ევრო გამოუყოს. 


28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.