„ჩვენ გვჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რწმენა - გესმით ჩვენი მიზნები და კონკრეტული გეგმების შესახებ. ჩვენ მოვახდენთ დეოკუპაციას მთელი ჩვენი ტერიტორიის, რომელიც ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გვეკუთვნის", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზუზანა ჩაპუტოვას უმასპინძლა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში დღეს ყველაზე რთული ვითარებაა იმის გამო, რომ იქ ყველაზე მეტი რუსული ტექნიკა და სამხედრო ფორმირებებია თავმოყრილი.
„აღმოსავლეთში ჩვენ გვიჭირს, რადგან გვაკლია (საკმარისი რაოდენობის) იარაღი“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერა და ქვეყნის ევროინტეგრაცია განიხილეს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა იმედოვნებს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რადგან ეს არის უკრაინის კონსტიტუციაში ასახული ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი და მას უკრაინელების უმეტესობა უჭერს მხარს.
„სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დამცველია ევროკავშირში. ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას. ჩვენ მადლობელი ვართ ასეთი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შმიგალმა.
შმიგალმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა კარგად არის მომზადებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 70%-ზე მეტი განხორციელდა.
მან სლოვაკეთს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზუზანა კაპუტოვამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სლოვაკეთს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება და ამ გზაზე უკრაინას დაუჭერს მხარს.
კაპუტოვა სამშაბათს კიევის რეგიონის ქალაქებს ირპენს და ბოროდიანკას უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.