ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა

აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის.

ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.


მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.


1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. 


ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.