მედია: შვეიცარია უკრაინისთვის Piranha III-ის მოდელის ჯავშანმანქანების მიწოდებას ბლოკავს

უკრაინული მედია, შვეიცარიულ საზოგადოებრივ მაუწყებელ SRF-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ დანიის მიერ შვეიცარიული წარმოების ჯავშანმანქანების უკრაინისთვის მიწოდება დაბლოკა.

Reuters-ს ცნობით, დანიას სურს დაახლოებით 20 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა Piranha III დახმარების სახით უკრაინისთვის გადაცემა. შესაბამისი ნებართვისთვის თხოვნით დანიის მთავრობამ შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების უწყებას - Seco-ს მიმართა. რამდენიმე დღის წინ Seco-მ დანიის თხოვნაზე უარი თქვა. ბერნის ნებართვის გარეშე კი, ასეთი დახმარების გაწევა შეუძლებელია, რადგან, როდესაც დანიამ ჯავშანმანქანები იყიდა, იკისრა ვალდებულება, რომ ტექნიკას მესამე მხარეს შვეიცარიის ნებართვის გარეშე არ მიაწვდიდა.



ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული.

The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა.


რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდაკიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება.

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.

უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯაომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა.