აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს.
„ჩვენ სწრაფად მივაწვდით უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე თანამედროვე სარაკეტო სისტემებს, რათა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყან, ხოლო მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ჰქონდეთ“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.
- ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს
- კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად
ბაიდენის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის მცირე რაოდენობის მაღალტექნოლოგიურ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან იარაღს, რომელსაც უკრაინელი ლიდერები დასავლეთისგან ითხოვდნენ.
ჯო ბაიდენმა NewYork Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ ახდენს უკრაინის წახალისებას, რათა განახორციელოს დარტყმები ქვეყნის გარეთ. „ჩვენ არ გვსურს ომი გაგრძელდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ზიანი მიადგეს რუსეთს“,- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დახმარების ახალი პაკეტის დეტალებზე.
30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე. ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს.
საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $4,6 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $3,9 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.