შვედეთი უკრაინას AG 90 ტიპის სნაიპერულ შაშხანებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შვედეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, შვედეთი ქვეყანას 5 000 ერთეულ AT4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღსაც მიაწვდის. ამასთან, შვედეთი გეგმავს, NATO-ს მიერ შექმნილ ფონდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 60 მილიონი შვედური კრონი შეიტანოს.
„ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობის გაძლიერებას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის კრიტიკულ მომენტში,” - აცხადებენ შვედეთის თავდაცვის უწყებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.