მედია: ერდოღანი შვედეთის პრემიერისგან თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ Expressen წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ცნობით, ერდოღანმა შვედეთის მთავრობას 10 წლის წინ წვეულებაზე ჰულტკვისტის გამოსვლა შეახსენა, სადაც ის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. 2011 წელს ჰულტკვისტი, [მაშინდელი სოციალ-დემოკრატების პარლამენტის წევრი] წვეულებას ქალაქ ბურლანგეში დაესწრო, რომელიც PKK-ის 33 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მან იმ დროს განაცხადა, რომ ღონისძიებას ქურთების დაცვის მიზნით დაესწრო და სურდა ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისთვის, მხარდაჭერის გამოხატვა.

„თურქეთს სურს, რომ ჰულტკვისტი თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩამოაშორონ“, - განუცხადა Expressen-ს წყარომ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შვედეთისა და თურქეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დროს დაისვა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთი ერთადერთი იყო, ვინც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. ანკარას ოფიციალური მოთხოვნები ძირითადად ეხება შვედეთის დამოკიდებულებას ქურთებისა და თურქული ოპოზიციის მიმართ, ასევე იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას.

თურქეთმა ასევე განაცხადა, რომ მან შვედური იარაღი აღმოაჩინა PKK-ის მებრძოლებში, რასაც შვედეთი უარყოფს.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა.


რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.