ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია.
„ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.
გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.
შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.
დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.