"32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს", - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლეკსანდრ კორნიენკომ „ტვიტერში“ დაწერა.
„ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!“, – წერს კორნიენკო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ალექსანდრ მახოვი დაიღუპა
- კიევის ოლქში დაბომბვას ჟურნალისტი და ბლოგერი ოქსანა გაიდარი ემსხვერპლა