გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბალტიის რეგიონში თავდაცვა უნდა გაძლიერდეს ჯარების რაოდენობის გაზრდით და საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი საშუალებების დამატებით, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები ბალტიის ქვეყნებში, ჯარების რაოდენობის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდით“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ლიეტუვის დედაქალაქში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ხელმძღვანელებთან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ვილნიუსში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, შოლცი ეწვია NATO-ს ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.