საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა

უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა.

პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს პარლამენტი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს.

„საქართველოს პარლამენტიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, უკრაინაში მორიგი ტვირთი გაიგზავნა. დღევანდელი დახმარება, ძირითადად, ბავშვთა კვების პროდუქტებისგან და პირველადი მოხმარების საგნებისგან შედგება. ჩვენ ყველანაირად მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მათდამი სოლიდარობის გამოხატვა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება.

„საკუთარი დანაზოგიდან თანხა შევაგროვეთ და უკრაინაში გასაგზავნად საჭირო ნივთები შევიძინეთ. საჭიროების მიხედვით კიდევ გავაგზავნით პირველადი მოხმარების და ყველა საჭიროების ნივთებს. ასეთი აქცია მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ მთავარია, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ უკრაინაში ომის დასრულებას“, - აღნიშნა დიმიტრიმ ხუნდაძემ.


14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.