უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. კერძოდ, სანქციები დაწესდება 35 პირის მიმართ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის, რუსეთის პრემიერ მინისტრის მიხაილ მიშუსტინის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სანქციებს აწესებს რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 261 ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ასევე აჩერებს კულტურულ გაცვლას, სამეცნიერო თანამშრომლობას, საგანმანათლებლო და სპორტულ კონტაქტებს, გასართობ პროგრამებს რუსეთის 236 უმაღლეს სასწავლებელთან. სანქციები შემოღებულია განუსაზღვრელი ვადით.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.