მაია სანდუ: ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი, გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი

მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი, – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

„მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი! ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაცნობიერებით, რომ დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი და გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.