ანალიზი
- სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა განსხვავებულია
-
ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენ მიმართ სოლიდარობა უფრო მეტია და ეს კაპიტალი უნდა გამოვიყენოთ
-
Europetime-თან ინტერვიუში, საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე განიხილავს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა.
რას ნიშნავდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმ დროს, როდესაც საქართველო დასავლური ინტეგრაციის საკითხს შავი ზღვის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის კონტექსტში განიხილავს? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამოვიდა და არა გეოგრაფიული. სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს ორი განსხვავებული ცნებაა ერთმანეთისგან.
„გეოპოლიტიკა გულისხმობს პოლიტიკას, რომელიც ტარდება გარკვეულ გეოგრაფიულ არენაზე, როდესაც შეგიძლია თქვა - აქ არის სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა, იქ - სხვა. რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, დემოკრატიული რეფორმები, როგორც კრიტერიუმი საქართველოსთვის, დღის წესრიგშია. გავიხსენოთ, ჯერ იყო საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია, ამის შემდეგ, ევროკომისიის დასკვნაში ამ რეზოლუციის რეფლექსიას ვხედავთ და პრაქტიკულად, ეს რეზოლუცია ევროკომისიის დოკუმენტში აირეკლა. ამ ყველაფერს, საფრანგეთის დასაბუთებაში დაემატა გეოპოლიტიკური მოცემულობა. რა თქმა უნდა, მიზეზების ძებნაც იქნება, მოდით, ასე შევხედოთ - იგივე საფრანგეთი თუ გერმანია, სამხრეთ კავკასიის არეალს მათი ბუნებრივი ინტერესების კონტექსტში არ განიხილავს.
შესაბამისად, რა არის აქ მთავარი გამოწვევა - უნდა გავიაზროთ, როგორია ჩვენ მიმართ ევროპისეული აღქმა და მეორე, როგორია, ევროპისეული აღქმის მიღმა ის პრობლემები, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, რადგან ჩვენ სამწუხაროდ, გაცილებით მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე იგივე მოლდოვას, რომ გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს. თუნდაც, გავითვალისწინოთ მოცემულობა, რომ პრაქტიკულად, დღის წესრიგიდან არ გამქრალა რუმინეთთან მოლდოვის ინტეგრაციის საკითხი და შესაბამისად, ჩვენ, თვისობრივად განსხვავებულ მოცემულობაში ვართ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი იმ მოცემულობას მოერგება, რომელშიც ახლა ვართ“, - მიიჩნევს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი.
საგარეო საკითხებზე მომუშავე ექსპერტის აზრით, უნდა გავიაზროთ, რომ ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა მცირედით განსხვავებულია.
„ისინი ჩვენ არც განგვიხილავენ „როგორც პოლიტიკურ, ისე გეოგრაფიულ ევროპად“ და მეორე - საუბარი იყო მაკრონის მხრიდან, არა გეოგრაფიულ მოცემულობაზე, რომ საქართველო არ არის ევროკავშირში, არამედ, განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც იმავდროულად, ერთობლივ ჭრილში სომხეთთან და აზერბაიჯანთან განიხილება. გარკვეულწილად, საუბარია, რომ დიახ, არის სამი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ვექტორები, შესაბამისად, ეს ქმნის სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც მაგალითად, დღეს არ არიან უკრაინა და მოლდოვა.
უკრაინა არის პირდაპირი რუსული აგრესიის მსხვერპლი და მოლდოვის მიმართ რისკებს ევროკავშირი უფრო მეტად აფასებს, ვიდრე - საქართველოსთან დაკავშირებულს. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ეს ქვეყნები არიან უსაფრთხოების ერთი დღის წესრიგის ნაწილი, ჩვენ ვართ მეტწილად, განსხვავებული უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული დათმობებია ევროკომისიის რეკომენდაციებში უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. ჩვენ შემოგვთავაზეს განსხვავებული პირობები - ვიდრე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, უნდა დავაკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, იქნება ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ - ჩამოგვითვალეს, რა პრობლემებიც გვაქვს. უკრაინას აპატიებენ მის პრობლემას, რადგან იქ 200 000 რუსი სამხედროა შეჭრილი, შეიძლება, ინსტიტუციურად წინ ვიყოთ უკრაინაზე, მაგრამ უკრაინა დღეს ომის მსხვერპლია და არ შეიძლება, დღეს მათ შევედაროთ.
უკრინას ევროკავშირი სხვა დონეზე უჭერს მხარს, უკრაინა არის ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფო. ევროპა არ არის ჩვენ მიმართ იმდაგვარად მგრძნობიარე, როგორც უკრაინის და მოლდოვის მიმართ, რადგან ერთი სივრცეა, ერთი რეგიონი, მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ჩვენ ვართ რეგიონულად დაშორებული და წარმოვადგენთ სხვა მოცემულობას.
ჩვენ არ ვართ ფრონტისპირა რეგიონი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა დიპლომატიამ დღის წესრიგიდან გარკვეულწიდან მოხსნა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოშიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ და დღეს, ყოველდღიურ რეჟიმში აპარტეიდის რეჟიმში მუშაობენ ქართველები ოკუპირებულ რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იცვლება აღქმები“, - თვლის გიორგი გობრონიძე.
აისახება თუ არა საფრანგეთისეული ხედვა მთლიანად ევროპაზე. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ, კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე კი, ეს აღქმა გავრცელდება.
„მთლიანად ევროპაზე არა, თუმცა კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე აისახება ეს აღქმა. ასეთია აღქმა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში - კიდევ შეიძლება, ნეიტრალურია. პორტუგალიაში - კიდევ უფრო ნეიტრალური. აღმოსავლეთ რეგიონში, როგორიცაა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სხვანაირად ხედავენ ამ პროცესს გამომდინარე იქედან, რომ მათ საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რუსულ აგრესია, რუსული საფრთხეები და სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ და ეს არის ის კაპიტალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, - განუცხადა Europetime-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარმა.
-
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი
-
ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე
16 ივნისი. ემანუელ მაკრონის შეფასება
„ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.
„არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.