მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მეზობელ სახელმწიფო რუმინეთთან გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ხალხი მოისურვებს. „ეს შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. როცა ხალხი განაცხადებს, რომ მათ ეს სურთ, ეს მოხდება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV-ს ეთერში.
მანამდე კი თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღება ვერ პასუხობს ამჟამინდელ გამოწვევებს და საჭირო იყო შეიარაღების გაუმჯობესება.
სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.
ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.
ასევე წაიკითხეთ