კომპანია APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი იენ როულინსონი აზერბაიჯანულ მედიასთან ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ზრდის მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვაზე მეზობელი ქვეყნების ინტერესი გაიზარდა.
„დღეს ჩვენ ვხედავთ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდ ინტერესს კავკასიის რეგიონში, მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ასევე ინტერესი მზარდია კასპიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებებიდანაც. მათი ინტერესის საგანია შუა დერეფნით ჩინეთიდან ტვირთების სარკინიგზო გადაზდვები. მანამდე ამ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის გავლით ხდებოდა. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ტვირთები შემოდის ყაზახეთიდან კასპიის ზღვით აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში, რათა ზღვით ევროპაში გავიტანოთ. ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოეთის კორიდორით სარგებლობა ახლა შეუძლებელია“, - აცხადებს იენ როულინსონი.
- საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება
- შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს
ამასთან, როულინსონი აღნიშნავს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, კავკასიის რეგიონში ტვირთების გადაზიდვის პრობლემა გაჩნდა და ბოლო ორი თვეა ტვირთნაკადის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა რთულია იმის პროგნოზი, ტვირთნაკადის ზრდა რამდენად იქნება სტაბილური, რადგან ამ დროისთვის ამ მიმართულებით ჯერ გაურკვეველი ვითარებაა.
APM Terminals Poti-ის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფოთის პორტში ტვირთნაკადი ყოველწლიურად თითქმის 20%-ით მცირდებოდა. „მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მეშვეობით ახალი შესაძლებლობები შევქმენით. გადავერთეთ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვებზე. ასე შევძელით ფინანსური პრობლემების გადაჭრა“, - აღნიშნა როულინსონმა.
დღეს ფოთის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 500-550 000 TEU-ს (კონტეინერს) შეადგენს. გასულ წელს გადაზიდვის მაჩვენებელი 300 000 TEU იყო, რაც სრული სიმძლავრის 60%-ია. APM Terminals-ი ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიაა და მისი შტაბ-ბინა ნიდერლანდებში მდებარეობს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.