- ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში საქართველოს ნაწილში საუბარია, რომ საქართველოც უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ.
ევროპარლამენტი რეზოლუციაში უთითებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის.
- რეზოლუციაში ასევე არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს და რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია.
„ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ისტორიული პასუხისმგებლობა და მისცენ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რაც გულისხმობს მათთვის ევროპულ პერსპექტივის მინიჭებას“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.