უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს

აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადა. პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტშია:

  • 4 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), 105-მილიმეტრიან 36 000  ვაზნას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღის ასაზიდად 18 საბუქსირე ტაქტიკური მანქანა, 1200 ნაღმმტყორცნი, 2000 ტყვიამფრქვევი,  18 სანაპირო და საპატრულო კატარღა; სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.

პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია. უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) პირველი პარტია 23 ივნისს მიიღო.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.