ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია, რუსები სრულად ანადგურებენ ყველაფერს

"აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია. რუსები სრულად ანადგურებენ ყველაფერს", - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ლისიჩანსკში და მის გარშემო ვითარება ახლა ძალიან რთულია. არ არის წყლის ცენტრალური მიწოდება, არ არის გაზი, არ არის დენი. საბრძოლო მოქმედება მუდმივად მიმდინარეობს. მთელი ეს რუსული ურდო მიმართულია ლისიჩანსკის შტურმისაკენ. სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურული დაწესებულებები, საავადმყოფოები, საგანგებო დახმარების ბაზები, სადაც ხალხი იკრიბება ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული შტაბები, რუსები სრულად ანადგურებენ ყველაფერს“, - განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ასევე წაიკითხეთ:

დიმიტრი პესკოვი: უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება