უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე წარადგენს

უკრაინა ქვეყნის აღდგენის გეგმის წარსადგენად ემზადება. რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ პირველი კონფერენციას შვეიცარია უმასპინძლებს.

„აქტიურად ვემზადებით შვეიცარიაში, ლუგანოში სპეციალური კონფერენციის დაწყებისთვის. კონფერენციის პირველი დღე ორშაბათს იქნება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნის აღდგენას მიეძღვნება. აღდგენას ამ სიტყვის ფართო გაგებით. საჭიროა არამხოლოდ იმ ყველაფრის აღდგენა, რაც გაანადგურეს ოკუპანტებმა, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის ახალი საფუძვლის შექმნა - უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. ამისთვის საჭიროა კოლოსალური ინვესტიციები - მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, მოწინავე გამოცდილება, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები.

უკვე ორშაბათს, უკრაინა წარადგენს ეროვნულ ხედვას, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეალიზება. სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა, შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით.

ამიტომ, ლუგანოს კონფერენცია შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის აღდგენისთვის. როდესაც ჩვენ განვახორციელებთ ამ პროექტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, ეს ღონისძიება შეიძლება, ჩაითვალოს აღდგენის დასაწყისად. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენი გამარჯვებისთვის და ეს რთული გზაა, რადგან ომი გრძელდება, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აგრესორი დამარცხდეს არამარტო ბრძოლის ველზე, არამედ, ისტორიულად, კონცეპტუალურადაც - ისე, რომ რუსეთში ყველას ახსოვდეს, რომ უკრაინას გატეხვა არავის შეუძლია, მათ შორის სასტიკ ომსაც კი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან.

„ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს.

უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს.