ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლის აღდგენაში, რეკონსტრუქციის გეგმა უკვე მუშავდება. შესაბამის ინფორმციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საქალაქო საბჭო ციტირებს ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას აღადგენს.
„ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ არ ვკარგავთ დროს და უკვე შევიმუშავებთ მარიუპოლის აღორძინების მასშტაბურ გეგმას. მარიუპოლი არის გმირების ქალაქი, გამძლეობისა და ბრძოლის მაგალითი და იმსახურებს, იქცეს აღორძინების სიმბოლოდ“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.
ოკუპირებული მარიუპოლი ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის ძალების დაბომბვების შემდეგ, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.