სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციების პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შესრულება: 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავონ ოპოზიციის წევრებმა. ამასთან, ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი უნდა იყოს. პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღოს არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.
მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილი მოიცავს: მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე (ამ პრინციპის მიხედვით, გადაწყვეტილება საჭიროებს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობას). გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დანიშვნა, ამისთვის საჭირო იქნება მაღალი კვორუმის დაწესება (დეპუტატების 3/5-ის მხარდაჭერა); პარლამენტმა უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები; შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები; გენერალური პროკურორი პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა უნდა დანიშნოს.
კორუფციასთან ბრძოლა - უნდა შექმნას იმ ტიპის ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც შეითავსებს იმ ფუნქციებს, რომელიც ახლა გაფანტულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო სამსახურის ბიუროში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს და აუცილებელი უნდა იყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსი. შესაძლებელია აირჩიოს პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა.
დეოლიგარქიზაცია - 12-პუნქტიანი ჩამონათვალის დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება ავტომატურად გამოიწვევს ამ პირობის შესრულებას.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკაში უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც საკანონმდებლო ბაზა აძლევთ.
მედიის თავისუფლება - ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გამოძიება მედიის წარმომადგენლების მასიური ფარული მიყურადება/თვალთვალის საქმეებზე.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე - ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური გახდეს. ქართულ სასამართლოებში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინება - საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის გაიდლაინების მიღება, რომელიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას. სახალხო დამცველის არჩევა - კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ვალდებულების შესრულება მყისიერად არის შესაძლებელი. ვალდებულებების შესრულების მაქსიმალურ ვადად კი 3 თვეა მიჩნეული.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ღია საზოგადოების ფონდი
- დემოკრატიის ინდექსი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ლიბერალური აკადემია თბილისი
- მედიაომბუდსმენი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სასამართლოს გუშაგი
- საფარი
- სამოქალაქო იდეა
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
- სატელევიზიო ქსელი
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- უფლებები საქართველო
- მედიის განვითარების ფონდი
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.