ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა რუსტამ გასემმა განაცხადა.
მისი თქმით, რკინიგზის ამ ხაზის არ არსებობა, სატრანზიტო გადაზიდვებში პრობლემებს შექმნის. გასემის განცხადებით, დღეს ინდოეთიდან კონტეინერები ირანის „შაჰიდ რადჯაის“ პორტში შედიან და იქიდან ხდება გემებით კონტეინერების ტრანსპორტირება, შემდეგ კი რკინიგზით ქალაქ რაშტში გადაზიდვა. საიდანაც ტვირთი ქალაქ ასტარაში იგზავნება, შემდეგ კი აზერბაიჯანის რკინიგზით ფინეთში ხვდება. ტვირთის გადაზიდვას 17-18 დღე სჭირდება.
ირანის გზებისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებმა, თეირანს მიმართეს, რომ შეიქმნას რკინიგზის ახალი მარშრუტი ირანის ტერიტორიაზე, რუსეთის მიმართულებით. „ცოტა ხნის წინ რუსეთსა და ირანს შორის 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. სხვა ქვეყნებმაც შემოიტანეს განაცხადები, ირანის გავლით საქონლის ტრანზიტზე, - განაცხადა გასემმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.