შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენის პრინციპებზე შეთანხმდნენ. უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა, დასრულდა.
„მიღებული დეკლარაცია ითვალისწინებს გრძელვადიან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას „რაც მოამზადებს უკრაინას ომის შემდგომი პერიოდისთვის, სანამ ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ლუგანოში, ჩვენ დავიწყეთ უკრაინის აღდგენის პროცესი საერთაშორისო დონეზე და ჩამოვაყალიბეთ აღდგენის პრინციპები“, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნასიო კასისმა.
მისივე თქმით, ეს მისცემს უკრაინელ ხალხს იმედს და რწმენას, რომ ისინი მარტონი არ არიან, რადგან უკრაინის მდგრადი აღდგენა მოითხოვს აღორძინებას, გამძლეობას და განახლებულ ინსტიტუტებს, რომლებიც მომავლისთვის არის შესაფერისი.
ორშაბათს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმა დაახლოებით 750 მილიარდი დოლარი დაჯდება და რომ ჩამორთმეული რუსული აქტივები დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს.
ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან.
„ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს.
- დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია
- მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს
უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს.