რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებას ვერ დავუშვებთ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კრემლის მიზანი უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურებაა. მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინას, როგორც სახელმწიფოს  ძირი გამოუთხაროს და ამის დაშვება არ შეიძლება.

ევროკავშირი შექმნის პლატფორმას უკრაინის აღდგენის კოორდინირებისთვის ომის დასრულების შემდეგ, აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვეიცარიაში, კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენას ეძღვნება. 

„ევროკავშირმა მოახდინა დაახლოებით 6,2 მილიარდი ევროს (5,3 მილიარდი ფუნტი) ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ“, - დაამატა ლაიენმა.

„და... უფრო მეტი დახმარება იქნება. ჩვენ არსებითად ჩავერთვებით შუალედურ და გრძელვადიან რეკონსტრუქციაში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში 3 ივლისს ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“. 

ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან.

„ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს.

უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს. 


„სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.