ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ექსპორტის ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მუშაობს გაეროსთან, რათა გაიხსნას უსაფრთხო დერეფანი, რომელიც უკრაინას შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს.

„ახლა 22 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60 მილიონ ტონას მიაღწევს შემოდგომაზე. მაშინ ნამდვილად რთულ, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიქნებით. ჩვენი მხრიდან, უკრაინის სახელმწიფო დროს არ კარგავს და ჩვენ ვმუშაობთ სარკინიგზო და საზღვაო პორტების სხვადასხვა გზაზე ჩვენი მარცვლეულის ექსპორტისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირველ ივლისს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და აფრიკის ყველა ქვეყანას, ერთად იმუშაონ და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა  უკრაინული საკვების ექსპორტისთვის უსაფრთხო საზღვაო გზა დაუშვას.

მისი თქმით, აფრიკის მრავალი ქვეყანა უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან სურსათის ექსპორტის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად.

„უკრაინა აფრიკის ყველა ერთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დაძლიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდაეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.